понедельник, 13 июня 2011 г.

სტრესი



სტრესი და დეპრესია
 
არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც სიტყვების "სტრესისა" და "დეპრესიის" მნიშვნელობა არ იცოდეს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი განცდისა და ძლიერი ემოციის გადატანა გვიწევს, რომელთაც ხანგრძლივი არსებობისას პიროვნების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ. დღეს ევროპაში დაავადების 70% ემოციებს უკავშირდება. სტრესის ნიადაგზე აღმოცენებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება.


რა არის სტრესი?!

ტერმინი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განსაზღვრა. მისი განსაზღვრების თანახმად, სტრესი - ეს არის ყველაფერი, რასაც ორგანიზმი სწრაფ დაბერებამდე მიჰყავს და დაავადებებს იწვევს. თანამედროვე განმარტებით კი სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა. სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება, ცხადდება სარეზერვო ძალების მობილიზაცია, გარკვეული ხნის განმავლობაში მკვეთრად იზრდება ადამიანის შესაძლებლობები. თავდაპირველად ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ეს ზემოქმედება ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს მოიცავს. ხანმოკლე სტრესი ადამიანისთვის უვნებელია, მეტიც - მოვალეობების უკეთ შესრულებასაც კი უწყობს ხელს, მაშინ როცა ხანგრძლივსა და მნიშვნელოვან სტრესს, რომელიც კვირაობით, თვეობით, წლობით გრძელდება, შეუძლია, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმის ზოგადადაპტაციურ ძალებს გამოფიტვის გამო აღარ შეუძლიათ ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება.


 

სტრესის ფორმები

თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ სტრესს ყოველთვის დამანგრეველი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა ორგანიზმზე, მაგრამ მოგვიანებით ჰანს სელიემ დაადგინა, რომ სტრესულ რეაქციას შეიძლებოდა ჰქონოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი. დადებით სტრესს მან ეუსტრესი უწოდა, ხოლო უარყოფითს - დისტრესი. ეუსტრესი არის სტრესი, რომელიც დადებითი ემოციებით არის გამოწვეული. ის არცთუ ისე ძლიერია და ორგანიზმის მობილიზებას იწვევს. დისტრესი ანუ უარყოფითი, ნეგატიური სტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. არსებობს სტრესის ხანმოკლე და ხანგრძლივი, სხვაგვარად - მწვავე და ქრონიკული, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური (ინფორმაციული და ემოციური) ფორმები. მწვავე სტრესისთვის დამახასიათებელია მოქმედების სისწრაფე და მოულოდნელობის ეფექტი. მისი რადიკალური გამოვლინებაა შოკი, რომლის შედეგადაც ადამიანი კარგავს წონასწორობას და გამოდის მდგომარეობიდან. მწვავე სტრესი თითქმის ყოველთვის გადადის ქრონიკულში, ხანგრძლივში. შოკური მდგომარეობის გადალახვის შემდეგ ადამიანი თითქოსდა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ გადატანილთან დაკავშირებული მოგონებები განცდილთან ხელახლა აბრუნებს. ხანგრძლივი სტრესი ყოველთვის არ წარმოადგენს მწვავეს შედეგს. იგი თავისთავადაც აღმოცენდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორთა გავლენით, რომლებიც ორგანიზმზე მუდმივად მოქმედებს. ასეთი ფაქტორებია სამსახურის ხანგრძლივი ძებნა, მუდმივი წარუმატებლობა, ახლობლებთან მუდმივი უთანხმოება და სხვა. ფიზიოლოგიური სტრესი ვითარდება ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებით. ასეთი ფაქტორებია ტკივილი, შიმშილი, სიცივე, ძლიერი არომატები, არასაკმარისი განათება სამუშაო ადგილას ან საცხოვრებელში, ზედმეტი ხმაური. ფსიქოლოგიურს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება, ინფორმაციული გადატვირთვა, შეურაცხყოფა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება, დიდი პასუხისმგებლობა. ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სოციალურ სტატუსს რამე ემუქრება, კერძოდ, საფრთხის, წყენისა და გულისტკენის, ომის, მძიმე დაავადების დროს. იგი ემოციებთან, ემოციურ რეაქციებთან არის დაკავშირებული. ინფორმაციული სტრესი ინფორმაციული გადატვირთვის (დიდი ინფორმაციული ნაკადის დამუშავებისას საკუთარი თავისადმი ჭარბი მომთხოვნელობის) ან ინფორმაციული ვაკუუმის შედეგია. შიდაპიროვნული სტრესი - მშვიდობიანი ცხოვრება საკუთარ თავთან - ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, არადა, ზოგჯერ ეს მიუღწეველია. შინაგანი განცდები, უსიამოვნება, უკმაყოფილება იწვევს გაღიზიანებასა და დაუკმაყოფილებლობას, რის შედეგადაც ვითარდება შიდაპიროვნული სტრესი. იგი ჩვეულებრივ ადამიანის არარეალიზებული მოთხოვნების, აუსრულებელი ნატვრების, სურვილებისა და გაცრუებული იმედების ბრალია. სამსახურებრივ სტრესს კარიერის აწყობის დაუოკებელი სურვილი და მისი აუსრულებლობა, სამსახურში მეტისმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა და ხშირი უარყოფითი ემოცია იწვევს. ხშირად ის ადამიანის შრომის არასათანადო დაფასებას და ცუდ სამუშაო პირობებსაც უკავშირდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий